თეკო შენკენი: კანი არის ორგანო, რომელიც არასწორ ქმედებებს არ გვპატიობს

პროფესიული წარმატების მთავარი ფორმულა საკუთარი საქმის სიყვარულია. როდესაც პროფესია შემოქმედებით პროცესად იქცევა, თავადაც ბედნიერი ხარ და სხვებსაც აბედნიერებ. ჩვენი რესპოდენტი 12 წელია აკეთებს საქმეს, რომელიც ყველაფერს ურჩევნია. ის, რომ დღეს იგი წარმატებული ვიზაჟისტია ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა. “ბლოგი სილამაზის შესახებ” წარმოგიდგენთ ინტერვიუს თეკო შენკენთან:

თავიდან ეს იყო ჰობი, უბრალოდ მომინდა, რომ ვიზაჟი შემესწავლა. იმ პერიოდში ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი, ძალიან კარგი სამსახური მქონდა. ვმუშაობდი ნახევარი დღე და მქონდა დრო, რომ კიდევ რაიმე მეკეთებინა. მაკიაჟის გაკეთება კარგად გამომდიოდა, ამიტომ, როდესაც ვიზაჟის კურსების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე ბედი მეცადა. სწავლის პროცესში ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა. მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და წავედი მილანში, დამატებითი კურსები გავიარე და მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ მასტერკლასებზე, რომლებიც სახვადასხვა თემაზე ტარდება. საბოლოოდ, ამერიკის საელჩოდან წამოვედი. ამან ყველა გააკვირვა.

როგორი იყო თქვენი, როგორც ვიზაჟისტის განვითარების ეტაპები?

სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ჟურნალ „ბომონდში“ (დაახლოებით 12 წლის წინ). მაშინ „ბომონდის“ ყდებს საშა პრიშვინი აკეთებდა. მახსოვს, თამუნა გაბრიელაშვილს იღებდნენ დეკემბრის ყდისთვის. რომ მივედი მითხრა, რომ თამუნასთვის მაკიაჟი მე უნდა გამეკეთებინა. ცოტა ვინერვიულე, რადგანჟურნალის გარეკანისთვის მუშაობა დამწყები ვიზაჟისტისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. მანამდე საშა თვითონ აკეთებდა მაკიაჟს. მითხრა, რომ თუ რაიმე ისე არ გამოვიდოდა, შეასწორებდა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა – მორჩა, მე და შენ ერთად ვმუშაობთო. საშასგან ძალიან ბევრი ვისწავლე, უამრავი წვრილმანია გასათვალისწინებელი, უნდა იცოდე განათებაზე როგორ იმუშავო და რა ფერები გამოიყენო. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი ჟურნალში. ამას მოჰყვა კლიპები, რეკლამები, ტელევიზია (გარკვეული პერიოდი უსასყიდლოდაც ვმუშაობდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემთვის ასე უკეთესი იყო და ანაზღაურების მოთხოვნის დრო ჯერ არ იყო)… შემდეგ, ჩემი თავიც ვიპოვე და მივხვდი რისი კეთება მსიამოვნებდა. ახლა უკვე სხვებსაც ვასწავლი, მყავს მოსწავლეები. არასოდეს ვჩერდები, მუდამ ცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. გარდა ამისა, მუდმივად იცვლება ფერები, მოდა… ვცდილობ არ ჩამოვრჩე სიახლეებს. ყოველთვის ვეცნობი მსოფლიოს წამყვანი ვიზაჟისტების შესახებ ინფორმაციას, მაინტერესებს რა პროდუქციას იყენებენ და როგორ.

თეკო შენკენი

საშა პრიშვინის ფოტო

თავად რომელ პროდუქციას ანიჭებთ უპირატესობას?

ერთ რომელიმე ბრენდს არ ვიყენებ, სხვადასხვა ფირმის კოსმეტიკას ვყიდულობ. „შანელიც“ მაქვს და „კიკოც“. ვიცი რომელი ბრენდის რომელ საშუალებას რა უნდა გავაკეთებინო. კოსმეტიკას ძირითადად ვიწერ, თუმცა ხშირად თავადაც ჩამომაქვს და ზოგჯერ თბილისშიც ვყიდულობ. საბოლოოდ, ძალიან ბევრი რამ მიგროვდება, რადგან ფილმს სხვა პროდუქცია სჭირდება, ფოტოგადაღებას სხვა და ა.შ. ასე რომ, ნებისმიერი შემთხვევისთვის მაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა.

არაჩვეულებრივ საქორწილო მაკიაჟს აკეთებ… როგორ ხვდები, რა სურთ პატარძლებს და როგორ გააბედნიერო ისინი?

იმდენ პატარძალს გაუვლია ჩემს ხელში, რომ ზუსტად ვიცი რას გრძნობენ. უნდათ, რომ იყვნენ ყველაზე ლამაზები და ძალიან ნერვიულობენ. ყოფილა შემთხვევა, რომ გავსულვარ და მიყიდია დამამშვიდებელი ან შამპანური, რადგან ისე ნერვიულობდნენ, რომ მაკიაჟს ვერ ვუკეთებდი, რაიმე უნდა მეღონა. ვთვლი, რომ ვიზაჟისტი ძალიან კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. სანამ მაკიაჟის გაკეთებას დაიწყებ, ნდობა უნდა მოიპოვო და დაძაბულობა მოუხსნა. იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, ფუნჯი როგორ გიჭირავს. ნებისმიერი დეტალით უნდა მიახვედრო, რომ ხარ პროფესიონალი და თავდაჯერებული. შემდეგ თვითონაც ეხსნებათ ნერვიულობა და მშვიდდებიან.

როგორ იცვლება მაკიაჟის ტრენდები და მეორდება თუ არა გასული წლების ტენდენციები?

რაც კლასიკაა ის არ იცვლება – ბაზა, ლაინერი და ა.შ. თუმცა ბევრი რამ იცვლება. მაგალითად, ადრე ტენდენციური იყო მატი სახე, ახლა კი პირიქით, მოდაშია ფერადი, ბრჭყვიალა მაკიაჟი, ფერადი ტუშები, ფერადი ლოყები… თუმცა ქართველებს არ უყვართ ფერადი რუჟი, უპირატესობას ყავისფერს ანიჭებენ. მოდაში აღარ არის კონტურინგი ტუჩებზე. ტუჩის გამოსაკვეთად უამრავი ფერის ულამაზესი ტუჩსაცხი არსებობს.

ძალიან არ მიყვარს მთელს სახეზე რომ ისვამენ ჰაილაითერს. ცხვირზე, ცხვირის ქვემოთ, მთლიან ლოყაზე, შუბლზე და ნიკაპზე წასმა დიდი შეცდომაა. მე მაგალითად, ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ცხვირის ფორმის დასაკორექტირებლად უნდა მივმართოთ კონტურინგს და არა ჰაილაითერს. იგი კარგია სახის კონკრეტული ზონების ამოსაყვანად, როგორიცაა ყვრიმალები და თვალის დასაწყისი.

თეკო შენკენი

საშა პრიშვინის ფოტო

რა აზრის ხართ ე.წ. ინტერნეტ მაკიაჟზე?

ძალიან არ მომწონს „ინსტაგრამ მეიქ აფი“: მთელს სახეზე პრიალი, მუქი ყავისფერი კონტური და ღია ფერის პომადა… ძალიან ცუდად ჩანს. უნდა წავისვათ ის რაც გვიხდება და უნდა წავისვათ ლამაზად. ნაკვთების კორექტირება შეიძლება, მაგრამ მინიმალურად. მთავარი ზომიერებაა. მაგალითად, წარმის ქვემოთ ღია ფერის წასმა უფრო კვეთს წარბს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბჭყვიალა. როდესაც საუბარია ყოველდღიურ და სადღესასწაულო მაკიაჟზე (როდესაც საქმე არ ეხება გადაღებას, ავანგარდს), არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებიც უნდა დავიცვათ.

რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი თქვენს საქმიანობაში?

მაკიაჟი არის ვიზაჟისტისა და ადამიანის გემოვნების თანხვედრა. ამ დროს დამიანს უქმნი იმიჯს და თავი უნდა აგრძნობინო ლამაზად, კომფორტულად. ვგიჟდები იმ მომენტზე, როდესაც მაკიაჟს ვამთავრებ და თვალები ეცვლებათ – მოსწონთ საკუთარი თავი და ეტყობათ, რომ ბედნიერები არიან. ეს არასოდეს მომბეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ ტელევიზიაშიც და პატარძლებზეც, ჩემი მიმართულება მაინც არის მოდა, გადაღებები, ჟურნალები და ა.შ. ძალიან მსიამოვნებს მუშაობის პროცესი და შემოქმედებითად დახარჯვა. შემოქმედებითად ვუდგები ყველა პატარძალსაც, უდიდეს სიხარულს მანიჭებს იმ შედეგის მიღება, რომელიც საბოლოოდ ყველას აღაფრთოვანებს. ხშირად მეუბნებიან – ისე მუშაობ, რომ ძალიან გიყვარს შენი საქმეო. მართლა ასეა, ეს მხოლოდ საქმე არ არის, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომლითაც მართლა უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

თეკო შენკენი

რომელია თქვენი გამორჩეული ნამუშევარი?

არ დაიჯერებთ და თითქმის ყველა ნამუშევარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ყველა მთელი გულით არის გაკეთებული. თუ ვაკეთებ მაკიაჟს, იმ მომენტში არ არსებობს ჩემი პრობელემები, ოჯახი, სხვა სამსახური… ამიტომ, ყოველთვის მთელი გულითა და ენერგიით ვმუშაობ, შედეგსაც შესაბამისს ვიღებ.

რა გავაკეთოთ რომ ყოველდღიურად კარგად გამოვიყურებოდეთ?

თუ კანს კარგად მოვუვლით, ყოველდღიური მაკიაჟი საჭირო არ იქნება. აუცილებელია კანის გამდიდრება და კვება შიგნიდან, აუცილებელია შინაგანი ((ნუტრიკოსმეტიკის საშუალებით) და გარეგანი მოხმარების საშუალებების გამოყენება. სულ მაკიაჟით ხომ ვერ ვივლით, საღამოს ხომ ვიშორებთ მაკიაჟს და მნიშვნელოვანია, რომ კანი უმაკიაჟოდაც მოწესრიგებული და ჯანმრთელი იყოს. ზოგადად, თუ კანი არ არის გამოკვებილი, დატენიანებული და მოვლილი, ჯერ ვამუშავებ და ისე ვიწყებ მაკიაჟის გაკეთებას. თუმცა, კარგ კანზე მაკიაჟიც იდეალურად კეთდება – სახე ბრწყინავს.

როგორ უნდა შევარჩიოთ მაკიაჟის ფერები გარუჯული კანისთვის?

პატარძლებს ვურჩევ ხოლმე, რომ ძალიან არ გაირუჯონ. როდესაც კამერასთან გიწევს პოზიორობა, ზედმეტი რუჯი სასურველი არ არის. სახეს აქვს თავისი ჩრდილები. დაჩრდილვით – მუქი და ღია ფერებით ჩვენ სახის ფორმას ვალამაზებთ. როდესაც რუჯი გვაქვს, ყველგან სიმუქეა და ჩრდილი აღარ ეცემა/ჩანს იქ, სადაც უნდა ჩანდეს. გამოდის, რომ ზედმეტი რუჯის დროს ჩვენი სახე ხდება ნეგატივი, არაფერი აღარ გვაქვს გამოკვეთილი. ზოგადად, რთულია ტონებბზე საუბარი, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვა ფერის რუჯს იღებს. ზაფხულში მაკიაჟი უნდა იყოს ძალიან თხელი. თუ გვაქვს თბილი ფერის რუჯი, სახეზე უნდა ვიხმაროთ ოდნავ ცივი ფერები, რადგან თბილ ფერზე თბილი ტონების წასმით ფორთოხლისფერ კანს მივიღებთ. ცივი ფერის კანზე ცივი ტონების გამოყენებით სახე გაგვიხდება ნაცრისფერი. კოსმეტიკა აუცილებლად უნდა შევარჩიოთ დღის შუქზე და არა მაღაზიაში. ყველას ვურჩევ, რომ ყოველდღიურად იხმარონ CC ან BB კრემი, რომელიც კანს ატენიანებს, ერთგვაროვან ფერს აძლევს და იცავს (არა მხოლოდ მზისგან, არამედ ქარისგან, სიცხისგან, სიცივისგან, ჭუჭყისგან).

როგორ გავუმკლავდეთ ნაოჭებს?

ყველა ნაოჭს მაკიაჟით ვერ დაფარავ, თუმცა მე მაქვ ჩემი ხრიკები. არ მომწონს, როდესაც მაკიაჟი არაბუნებრივი და ზედმეტია. ზოგიერთი ნაოჭი მომწონს კიდეც, ძალიან სახასიათოა. სულ ამას ვამბობ – მეტი ბუნებრიობა! მინდა, რომ ჩემმა კოლეგებმაც გაითვალისწინონ და აქეთ წაიყვანონ საკუთარი საქმიანობა. მსოფლიო ტენდენციაც ასეთია – მინიმალური მაკიაჟით მაქსიმალური შედეგის მიღება.

რომელია თქვენი საყვარელი მეიქაფ არტისტი?

მყავს რამდენიმე ფავორიტი. ისინი ატარებენ მასტერკლასებს და თუ ფიზიკურად ვერ ვესწრები, ვყიდულობ ონლაინ გაკვეთილებს ან ვიწერ წიგნებს. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, სელებრითი ვიზაჟისტია ივ ფირლი, რომელიც წარმოშობით ქართველია (სოხუმიდან). მან თავისი პროდუქციაც გამოუშვა, აქვს მაღაზიებიც. ნამყოფი ვარ მის მასტერკლასზე. დედამისმა ფუნჯიც მაჩუქა, როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი. ძალიან მომწონს ინგლისელი ვიზაჟისტები. ერთ-ერთია ლიზა ელდრიჯი, რომელიც ახალგაზრდა, მაგრამ ხარისხიანი მეიქაფ არტისტია, დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი „მეიქაფ ჰისთორი“. ის ყველაზე ახლოსაა ჩემთან.

რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

ყველას ვურჩევ, რომ სანამ მაკიაჟამდე მივლენ, აუცილებლად მიხედონ თავს; გამოიყენონ როგორც შიანაგანი, ისე გარეგანი საშუალებები. კანი არის ორგანო, რომელიც არასწორ ქმედებებს არ გვპატიობს! დღეს უკვე თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს; ბევრი ფული არ სჭირდება იმას, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. პირველ რიგში, მივხედოთ კანს და მაკიაჟთანაც ფრთხილად ვიყოთ – გავიკეთოთ ის რაც გვიხდება. რაც მოდაშია ყველაფერი ვერ მოგვიხდება.

თეკო შენკენი

საშა პრიშვინის ფოტო

4+
2018-07-30T00:08:18+04:0029.07.2018|კანი, ტრენდები|