ის რაც იცით და არ ითვალისწინებთ – მარტივი რჩევები მშრალი და ცხიმიანი თმის მოსავლელად

თმა ადამიანის გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია – ის მეტყველებს ჩვენს სტილსა და ხასიათზე, ზოგჯერ კი, ჩვენს განწყობაზეც.

ადამიანს თავზე დაახლოებით 80-დან 150 ათასამდე თმის ღერი აქვს, თუმცა მათი რაოდენობა თმის ფერსა და ტიპზეა დამოკიდებული (გაგიკვირდებათ და, ყველაზე ხშირი თმა ქერებს აქვთ, თუმცა მათი თმის ღერები ძალიან თხელია). დავარცხნისას და დაბანისას ჩვეულებრივ 50-დან 100-150-მდე ღერ თმას ვკარგავთ. თუ თმის ცვენის ინტენსივობა დღიურ ნორმას აღემატება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ორგანიზმში სხვადასხვა სახის დარღვევებთან ან თმის ფოლიკულის დაზიანებასთან. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ზედმეტად ცხელი წყლით თავის დაბანა
  • კვების რაციონის დარღვევა
  • სტრესი
  • უძილობა
  • მავნე ჩვევები
  • გასაშრობი და დასახვევი ელექტრო ხელსაწყოების ხშირი გამოყენება
  • თმის შეღებვა და სხვა ქიმიური საშუალებები

ჩვენი თმა 3% წყლისგან და 97% კერატინისგან შედგება. ეს უკანასკნელი ძირითადი საშენი მასალაა და გამდიდრებულია სხვადასხვა საჭირო ნივთიერებით. სწორედ მათი დეფიციტი იწვევს თმის სტრუქტურის დაზიანებას, ბოლოების დაყოფას და მტვრევას.

გახსოვდეთ, მტვრევადობა და დაყოფილი თმის ბოლოები შეიძლება ახასიათებდეს როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმას.

თმის სიმშრალეს წყლისა და ცხიმის დეფიციტი იწვევს. როცა ისინი ნაკლებად ან საერთოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას (თავის კანის ჰიდრატაციას), შედეგად ვიღებთ სულ უფრო უსიცოცხლო და მტვრევად თმას, დაკარგული ელასტიურობითა და გაყოფილი ბოლოებით. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი მოვლით:

არ შეიძლება სველი თმის დავარცხნა!

უმჯობესია თმა გაიშროთ ბუნებრივად, ფენის გამოყენების გარეშე!

რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღეთ დღის განმავლობაში!

რაც შეეხება ცხიმიან თმას: იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ საშუალებები, რომლებიც ცხიმის გამოყოფას ამცირებს. ცხიმიანი თმის შემთხვევაში ხშირი ვარცხნა და თავის კანის მასაჟი რეკომენდებული არ არის. გარდა ამისა, ელექტრო ხელსაწყოებით თმის ხშირი გასწორება/გაშრობა და გრძელი თმის ტარება აძლიერებს ცხიმის გამოყოფას. ცხიმიანი თმა უფრო ხშირად ხდება დასაბანი და ამასთან, ინტენსიურად ცვივა. ცხიმიანობის შესამცირებლად რეკომენდებულია დიეტის დაცვა, არაჯანსაღი საკვების რაციონიდან ამოღება და ცხოვრების წესის შეცვლა.

ტყუილად ფიქრობთ, რომ ხშირი დაბანა ცხიმიანობას ამცირებს. თავი უნდა დაიბანოთ საშუალოდ 3 დღეში ერთხელ.

სანამ დაიწუწუნებთ, გაიხსენეთ როგორ იკვებებით, რამდენად იცავთ ძილის რეჟიმს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ დაგავიწყდეთ, გაიმდიდროთ ორგანიზმი მნიშვნელოვანი ელემენტებით, იმისათვის რომ დიდხანს შეინარჩუნოთ მბზინვარე და ჯანსაღი თმა. გახსოვდეთ, სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება!

6+
2017-05-31T03:40:43+04:0031.05.2017|თმა|