“ცხელი ვარცხნილობა” ცხელი სეზონისთვის!

ზაფხულის, ზოგადად კი საზღვაო სეზონის პერიოდში რთულია სასურველი ვარცხნილობისა და თმის ფორმის შენარჩუნება. ამიტომ პროფესიონალები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ ბუნებრივ ვარცხნილობას.

ტალღოვანი თმა – ეს ვარიანტი მისაღებია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სანაპიროზე დასვენების დროსაც. თუმცა როგორც ვარცხნილობების უმეტესობა, ეს სტილიც ჩვენგან საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გირჩევთ, გამოიყენოთ თმის დასახვევი უთო და გაიკეთოთ საშუალო ზომის ხვეულები თმის ბოლოებზე. ეს ხრიკი თქვენს თმას მოცულობასაც შემატებს და მეტ ბუნებრიობასაც შესძენს.
ე.წ. ვარცხნილობა Bob უკვე მერამდენე სეზონია რჩება ცნობილი ადამიანებისა და ფართო მასების საყვარელ სტილად. ამ ვარიანტს საკმაოდ მყარი არგუმენტებიც აქვს:

  • უხდება ფერადი ტონები
  • უხდება ყველა სიგრძის თმას
  • ვარცხნილობა მოსახერხებელია როგორც ხვეულ, ასევე სწორ თმაზე

თუ გარეგნობაში სიახლის შეტანას გეგმავთ, თმის მოკლედ შეჭრა აუცილებელი სულაც არ არის. საუკეთესო გამოსავალი ჩოლკაა – მართალია, მისი სიგრძე თქვენი შესარჩევია, თუმცა 2017 წლის ტრენდებს თუ დავუჯერებთ, ჩოლკა წარბს ოდნავ უნდა ფარავდეს. შედარებით უფრო გრძელი ჩოლკა კიდევ უფრო მეტად უნივერსალური ვარიანტია, შეგიძლიათ ვარცხნილობა ყოველდღიურად ცვალოთ და მიუსადაგოთ როგორც თქვენს ჩაცმულობას, ასევე განწყობას.

გრძელი თმა – ამ სეზონის ტრენდია. აქტუალობას არ კარგავს არც Balayage -ის მეთოდით, ისე ერთ ტონალობაში შეღებვა. ასევე გახსოვდეთ, რომ გრძელი და მსხვილი კულულები თმაზე მომხიბლელობას შეგმატებთ. გაითვალისწინეთ, რომ თმის ტონი თქვენი კანის, თვალის ფერისა და ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამასთან დაკავშირებით რჩევებს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ.

სეზონის ტრენდს ასევე გვერდულად გადაწეული თმა წარმოადგენს. მოდის კრიტიკოსები გვირჩევენ, რომ დავივიწყოთ შუაზე გაყოფილი თმა, გადავივარცხნოთ გვერდულად და შევიკრათ, რაც შეიძლება მჭიდროდ. ეს იერი შედარებით მკაცრია, მაგრამ ყოველდღიურ ვარცხნილობისაც ძალიან უხდება.

და ბოლოს, ბუნებრიობა – ეს ტერმინი ვარცხნილობის შერჩევის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ. სალონში მისვლამდე აუცილებლად დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რამდენი თავისუფალი დრო გაქვთ და აქედან რამდენი წუთი შეგიძლიათ დაუთმოთ თმის მოწესრიგებას, რადგან სწორედ ამაზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს შესაფერისი ვარცხნილობა. ბუნებრივი თმის ტენდენცია მოდურ ჩვენებებზეც აშკარად შეიმჩნევა, დიზაინერები ითვალისწინებენ ქალბატონების გადატვირთულ დღის რეჟიმს და ცდილობენ მათთვის ცხოვრების გამარტივებას. აქვე აღსანიშნავია, რომ თმაზე ნაკლები ზემოქმედებით, ხელს შეუწყობს მისი სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას, რომ არაფერი ვთქვათ დაზოგილ საათებზე.

საბოლოო ჯამში არჩევანი თქვენზეა, თმის ფორმისა და ფერის გემოვნებით შერჩევა კი ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით განწყობის ასამაღლებლად!

1+
2017-05-31T03:38:52+04:0031.05.2017|ტრენდები|